მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ - რატი ბრეგაძე

27 მაისი 2022, 23:32 919 ნახვა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ისაუბრა.

მისივე თქმით, ციფრული უნივერსიტეტის პროექტი, განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, ისე განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზებას.

"აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგადაც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლება – ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო პროგრამები - გაიარონ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წიგნადი ფონდის განახლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში