პოლიციელის მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, მშვიდობა - პრეზიდენტი

31 მაისი 2022, 11:47 1193 ნახვა

პოლიციელის მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ, ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

„პოლიციის დღეს ვულოცავ ყველა რიგით ოფიცერს, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, პატრულის თანამშრომელს და ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა, ყველას პირადად მოგილოცოთ თქვენი პროფესიის, პროფესიონალიზმის დღე, რამეთუ ნამდვილად, ამ 31 წლის მანძილზე ქართულმა პოლიციამ შეძლო, გარდაექმნა ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი, რომელიც აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური, პროფესიონალური ძალა, რომელიც ნდობას იწვევს მოქალაქეებისგან და ეს არის ყველაზე მთავარი.

თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შიდა სტაბილურობა. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში სულ უფრო მეტი გამოწვევაა. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები და ბოლოს ცოტა სხვანაირად, მაგრამ გავიარეთ კოვიდის პანდემია. ყველა გამოწვევის წინაშე, რაც ქვეყნის შიგნით გამოჩნდება, თქვენ დგახართ პირველ რიგში. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის იმის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, თუ ეს არა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ. ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არ არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. თქვენზე დგას ასევე ყველა იმ უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული, თუ სხვა გამოწვევები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ესოდენ ძლიერად არის გავრცელებული"-განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები ბავშვების თვალწინ.

„მინდა, ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინო არის დღეს, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა, ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი. ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რათა ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში