ტურნირი შერეულ ორთაბრძოლებში

03 ივნისი 2022, 20:30 1203 ნახვა

25 ივნისს ბათუმი შერეულ ორთაბრძოლებში საერთაშორისო ტურნირს „მგლები-10“-ს უმასპინძლებს, რომელიც MMA-ს (ემ-ემ-ეი) ვერსიით გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორია აჭარის შერეული ორთაბრძოლების ასოციაცია „მგლებია“, რომელიც შეჯიბრებაზე სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. რომა აბაშიძე სამოყვარულო ტაილანდურ კრივში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონს, აზერბაიჯანელ მუშფიქ ჰუსეინოვს შეებრძოლება. ჯაბა ცეცხლაძე ასევე აზერბაიჯანელს, MMA-ს (ემ-ემ-ეი) ვერსიით ქვეყნის ჩემპიონს მურად მამედოვს დაუპირისპირდება, რომელსაც პროფესიულ კარიერაში სამი ბრძოლა აქვს გამართული და სამივე გამარჯვებით დაასრულა. ნიკა აბულაძე კი თურქ მებრძოლთან იჩხუბებს. სულ 10 ბრძოლა გაიმართება 10 წონით კატეგორიაში. ბათუმელების გარდა დანარჩენი შვიდი მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იქნება, ოქტაგონზე ქართული MMA-ს (ემ-ემ-ეი) ლიდერს შოთა ბეთლემიძესაც ვიხილავთ. ტურნირზე ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა. ჩვენი ქვეყნის გარდა  მებრძოლები საფრანგეთიდან, კუბადან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იქნებიან. „მგლები-10“-ს ბათუმის ცირკი 25 ივნისს უმასპინძლებს. მანამდე კი ქართველი მებრძოლები ვარჯიშებს განაგრძობენ და მომავალი ორთაბრძოლებისთვის ემზადებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში