კომპანია "ბორჯომის" გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს

06 ივნისი 2022, 10:20 854 ნახვა

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ - ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.

„კომპანიის ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან, რომლებსაც ჰპირდებიან სამ-ოთხჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის, უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით, არ აუნაზღაუროს ნამუშევარი ორი თვის ხელფასი“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაფიცულთა ინფორმაციით,  ეს გადაწყვეტილება  ემსახურება ესკალაციის ხელოვნურად გამოწვევას და სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ როგორც კომპანიას, ასევე საქართველოს მთავრობას. რადგან ხელისუფლების მიერ არაფერი გაკეთებულა შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის.

გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა,  ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება, უვადო ხელშეკრულებაზე გადასვლა.

„IDS ბორჯომის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული აქვთ ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.

ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში