„ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება - პრემიერი

06 ივნისი 2022, 14:37 944 ნახვა

საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ აქციონერი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკითხზე ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები პრაქტიკულად დაასრულა და ამით პრობლემა მოგვარდება.

„ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და სახელმწიფო, მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება.

ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს დილით ზურაბ აზარაშვილს ვესაუბრე და მისი დავალებით საკითხში ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა ყველას ვუთხრა - არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო.

„შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში