ლუგანსკში ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით გვიტევენ - უკრაინის შეიარაღებული ძალები

16 ივნისი 2022, 10:50 837 ნახვა

ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით უტევენ. სუმის ოლქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.

რუსეთმა საარტილერიო იერიში მიიტანა დნიპროპეტროვსკში სამოქალაქო შენობებზე. ამ ეტაპისთვის დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.

დაბომბვები გრძელდება მიკოლაივშიც, დაბომბილია საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იყო უკრაინის ლიდერებზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა, რაც მათ დროულად აღკვეთეს.

უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ ლტოლვილთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა - აცხადებენ გაეროში და აღნიშნავენ, რომ ომის შედეგად გამოწვეულმა შიმშილმა შეიძლება უფრო მეტი ადამიანი აიძულოს დატოვოს საკუთარი ქვეყანა.

„მცდელობები გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად, რომელიც გამწვავდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, გადამწყვეტია, რათა თავიდან ავიცილოთ მეტი ადამიანის გადაადგილება“, - თქვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ.

გაეროს მონაცემებით, ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 4,8 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში