გირაო TV პირველის ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს

23 ივნისი 2022, 14:05 1032 ნახვა

''ტვ პირველის'' ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას-5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. თემურ ჩითინაშვილი და ზურიკო სურმანიძე საპატიმროს გირაოს თანხის  გადახდის შემდეგ დატოვებენ.

მოსამართლემ დაცვის მხარს მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული ტვ პირველის ოპერატორის პოზიცია გაიზიარა, სადაც დაზარალებული აცხადებს, რომ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვს და არ ითხოვდა მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

ბრალდებულების  პატიმრობას ითხოვდა პროკურორი  და განმარტავდა, რომ დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმიდან გამომდინარე, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობდა  ბრალდებულების მხრიდან  მოწმეებზე ზეწოლის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. 

გამოძიების მტკიცებით,  18 ივნისს ბრალდებულებმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს იმ დროს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც  ჯგუფი პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა. 

თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ ძალადობა მათ არ დაუწყიათ. თემურ ჩითინაშვილს და ზურიკო სურმანიძეს  ბრალი ედებათ  ადამიანის დევნაში  მის პროფესიული მოღვაწეობასთან დაკავშირებით -  ძალადობით. წინა სასამართლო სხდომა 10 აგვისტოს გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში