ბათუმში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტი ხორციელდება - აჭარის ეკონომიკის სამინისტრო

27 ივნისი 2022, 13:42 883 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტს ახორციელებს.

უწყების განცხადებით, პროექტი ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

"კონკურსის წესით უკვე გამოვლენილია კომპანია "ბი დაბლიუ ეს", რომელიც პროექტირების დოკუმენტზე მუშაობს. წელსვე განახლდება მშენებლობის პროცესი. 2022 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის პროექტისთვის განსაზღვრულია მილიონ ლარზე მეტი. დამატებით საქართველოს მთავრობა პროექტს 20 მლნ ლარით დააფინანსებს.

პროექტის განხორციელება კომპანია "ვესტინკორ ჯორჯია"-მ დაიწყო, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საძირკველი, ყინულის არენის ფოლადის კონსტრუქცია, ე.წ ,,კაფსულა“, რომლის ღირებულება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ შესაბამისი ექსპერტიზით განისაზღვრა. აღნიშნული ექსპერტიზის საფუძველზე, კომპანიას შესრულებული სამუშაოს ღირებულება 8 702 614 დოლარი აუნაზღაურდა.

პროექტის დასრულებას კი უკვე ახალი კომპანია უზრუნველყოფს. მასშტაბური პროექტით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება"-აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში