ენმ ქართულ ოცნებას სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს

28 ივნისი 2022, 14:57 827 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაცია ''ქართულ ოცნებას'' უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევასა და მათი პარტიის აქტივისტებით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს. განცხადება ლევან გორგილაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც  ტვ 25-მა ერთ-ერთი  სტუდენტური ჩატის მიმოწერა გაასაჯაროვა. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩატი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას ეკუთვნის და მისი  წევრები  თვითმმართველობის თავმჯდომარე და   ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი რიჩარდ სირაბიძე არიან. ოპოზიციის განცხადებით, რიჩარდ  სირაბიძე დეზინფორმაციის გავრცელებითა და სიძულვილის ენის გამომხატველი კომენტარებითაა დაკავებული, რაშიც მისი თქმით, ჩართული არიან  სტუდენტები.

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს.

დეპუტატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, სატელეფონო ზარს  არ პასუხობს რიჩარდ სირაბიძე. ჩვენს ზარებს არც უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ უპასუხა.

უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში კი აცხადებს, რომ სტუდენტების პირად მიმოწერას ვერ გააკონტროლებენ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს კი  მსგავს პროცესებში სტუდენტების ჩართვისგან თავშკავებისკენ მოუწოდებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში