ნატო-ს სამიტი

29 ივნისი 2022, 17:22 751 ნახვა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 30 წევრი ქვეყნის ლიდერებმა ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მოიწვიეს.ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებთან სამიტზე განაცხადა: „ეს გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო ნატოს კარის დახურვა. ნატოს კარი ღია რჩება და ეს ასევე იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა“. 28 ივნისს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს სტოკჰოლმისა და ჰელსინკის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადების მიღებაზე. ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში მიწვევის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში  გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირება უნდა მოახდინონ. ასევე, ნატო-ს სამიტზე მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. დეკლარაციის მიხედვით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში