ნინო ლომჯარია მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მიერ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება

30 ივნისი 2022, 19:30 685 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მიერ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება. 

ომბუდსმენი სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები.

"დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ.

კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსახლეობას ხვდებიან, საქმიანობის განხორციელებაში ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები უშლიან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც," - წერია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.

"გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს კი შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები. ხოლო, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით," - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში