მთავრობის სხდომა

04 ივლისი 2022, 15:12 701 ნახვა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში არის შემუშავებული ეროვნულ ბანკთან ერთად, ეს არის მიკრობანკების საქმიანობის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს ქვეყანაში. ეს მიკრობანკები იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც სხვა ბანკებთან მიმართებით. უბრალოდ, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს არის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა.

 

მაგალითისთვის, თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო კომპანიების შემთხვევაში არის ერთი მილიონი ლარი, მიკრობანკის შემთხვევაში ეს იქნება 10 მილიონი ლარი. სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციები იქნება შედარებით გამარტივებული, ვიდრე ეს ბანკებს აქვთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების ძირითადი სეგმენტი არის მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ვისაც სურვილი აქვს, რომ მომავალში დარეგისტრირდეს, შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მიკრობანკის სტატუსი მიიღონ და უკვე გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა.

„მაისის თვეში დაფიქსირდა 11.6%-ის ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2%-ა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც გაცხადებული გვქონდა.

თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს ნავარაუდევი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა რეგიონში, კერძოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად. ბუნებრივია, ამან ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით, შესაძლოა ჩვენს პროგნოზებს გადავხედოთ მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეს, სავარაუდოდ სექტემბრის თვე იქნება. ჩვენ სექტორულად ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს. მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოს ბოლოს შესაბამისი პროგნოზი გვექნება მიმდინარე წელთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ხუციშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში