ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს - სახალხო დამცველის აპარატი

05 ივლისი 2022, 14:33 864 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და იქ მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები.

2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა. საცხოვრისის შესახებ არსებულ რთულ ვითარებაზე სახალხო დამცველი 2021 წლის ანგარიშშიც საუბრობდა.

ომბუდსმენმა წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა.

,,მოთხოვნა არც ერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა და კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე’’- წერია 2022 წლის ანგარიშში.

ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს.

,,მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია. სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის სოციალური საცხოვრისი 2017 წელს მოაწყო. პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 ათასი ლარით დაფინანსდა. 2018 წელს საცხოვრისს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც  შენობაში ჭერი ჩაინგრა. ექსპერტიზამ კი დაადგინა რომ საცხოვრისის აშენებისას სამუშაოები დარღვევებით შესრულდა.

ექსპერტიზის 2018 წლის 5 ივნისის N5003352518 დასკვნით, ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, მათ შორის საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობების შეუსაბამობა. რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში