უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგა 23 აგვისტოს დაიწყება

12 ივლისი 2022, 10:06 900 ნახვა

გადაწყვეტილია! უკრაინის პრემიერ ლიგა 23 აგვისტოს დაიწყება და ის უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა.

მატჩები უმაყურებლოდ, ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის დასტურით და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება. 23 აგვისტოს უკრაინაში სახელმწიფო დროშის დღეა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს ჩემპიონატის სტარტი.

ტურნირის ორგანიზაციას უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობით ითავებს. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ მთავარი უკვე გადაწყვეტილია - მატჩები უკრაინის ტერიტორიაზე გაიმართება. ყოველი სტადიონის სიახლოვეს იქნება მოწყობილი თავშესაფარი საჰაერო განგაშის შემთხვევაში.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ის რეგიონები დაასახელა, სადაც შესაძლოა პრემიერ ლიგის მატჩები გაიმართოს: კიევი, ლვოვის ოლქი, ზაკარპატიეს ოლქი და, შესაძლოა, ტერნოპოლის ოლქიც. 2022-23 წლების სეზონში უკრაინის პრემიერ ლიგაში 16 კლუბი ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში