უკრაინის ომის 139-ე დღე

12 ივლისი 2022, 18:23 792 ნახვა

უკრაინაში ომის 139-ე დღე საჰაერო განგაშით დაიწყო. განგაში ოკუპირებულების გამოკლებით ქვეყნის ყველა რეგიონში  ისმოდა. ქალაქ ხარკივის სამრეწველო რაიონის დაბომბვის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. სარაკეტო იერიშის შემდეგ ქალაქში სხვადასხვა მისამართზე 6 ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ქალაქ ნიკოლაევის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა 20-მდე რაკეტა გაუშვეს.  კასეტური საბრძოლო მასალით ორი სამედიციო დაწესებულება და საცხოვრებელი სახლები დაიბომბა. დაშავდა 12 ადამიანი. დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში უკვე 38 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი. მაშველებმა ნანგრევების 70 პროცენტი უკვე გაასუფთავეს.  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  ეს სახლი რუსმა ოკუპანტებმა 9 ივლისს „ურაგანით“ დაბომბეს.  უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს  მანამდე რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო-საარტილერიო იერიში მიიტანეს რუსეთის მიერ კონტროლირებული ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაზე. განადგურებულია 52 რუსი ოკუპანტი, ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნი, შვიდი ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი. რუსული მედია კი წერს, რომ  ნოვა კახოვკაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და ბაზარი და დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში