ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მიეცა

14 ივლისი 2022, 10:15 904 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერის გზით, ერთ-ერთ კომპანიას შეუქმნეს 279 343 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ამავე კომპანიის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

ამასთანავე, ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის საქმიანობის პროცესში, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 331 061 ლარის ოდენობის გადასახადის გადახდას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში