ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გავზარდოთ მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის წარმოება - ოთარ შამუგია

18 ივლისი 2022, 13:09 789 ნახვა

ოთარ შამუგიას განცხადებით, აშშ-ში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდა იყო. ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

„ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გავზარდოთ მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის წარმოება და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ.

ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით მხარდაჭერა გვექნება. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში ჩვენთან შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ხორბლის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა, რაც მოგვცემს ინფორმაციას თუ რა საჭიროებები არსებობს ამ მიმართულებით და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, ყველა შეხვედრაზე მთავარი თემა იყო საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხარდაჭერა.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებზე გამახვილდა ყურადღება. ღვინის ეროვნული სააგენტო ათწლიანი სტრატეგიის ჭრილში გეგმავს, მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობები განახორციელოს სტრატეგიულ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ასევე პირდაპირ აისახება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიასთან, რომელმაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით შეიმუშავა პოპულარიზაციის და მარკეტინგის გეგმა, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე. USAID-ის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ მზადაა, რეგიონული ოფისის ჩართულობით, მხარი დაუჭიროს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაინტერესებული კომპანიები ერთმანეთთან დააკავშიროს.

ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებთან, მაღაზიების მფლობელებსა და მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მზადყოფნა გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ, რაც უდავოდ აისახება ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში"- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში