საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილთა სამარხში ნაპოვნი ერთ-ერთი ნეშტი იდენტიფიცირებულია

19 ივლისი 2022, 12:01 1151 ნახვა

საბჭოთა რეპრესიების დროს, 1937- 38 წლებში აჭარაში დახვრეტილთა შორის ხაფიზ ძნელაძე ერთ-ერთია, ვისი ნეშტიც უკვე იდენტიფიცირებულია. ოჯახმა დნმ-ის ანალიზის პასუხი მიიღო, რომლითაც დასტურდება, რომ იგი 1937 წელს, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ დახვრიტეს. დნმ-ის ნიმუში ხაფიზ ძნელაძის შვილიშვილს და დისშვილს 14 აპრილს აუღეს, რამდენიმე დღის წინ კი, ცნობა მიიღეს, რომ მეხუთე სამარხში ნაპოვნ 28 ნეშტიდან  ერთ-ერთი მათი ნათესავია.

შვილიშვილის, უშანგი ძნელაძის თქმით, საბჭოთა პერიოდში  ბაბუა გადასახლებაში დაღუპულად ითვლებიდა. მოგვიანებით ბებიის ინფორმაციის საფუძველზე, მამამ გაარკვია, რომ ის ციმბირიში კი არ გარდაცვლილა, არამედ კომუნისტურმა რეჟიმმა დახვრიტა.

ხელვაჩაურის ყოფილ სამხედრო ბაზაზე გათხრების შედეგად, სავარაუდოდ საბჭოთა რეპრესიების დროს, 30-იან წლებში დახვრეტილი კიდევ 29 ადამიანის ნეშტი რამდენიმე თვის წინ იპოვეს. მიმდინარე ექსპედიციის დროს, ასევე ნაპოვნია მონეტები, რომელიც 1935-1936 წლებით თარიღდება.

სამარხების გახსნა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის და ანთროპოლოგთა ასოციაციის დახმარებით მოხდა. აღმოჩენილია 28 ნეშტი, რომელთაგან ყველა კაცია. არსებული ინფორმაციით, მათგან ყველას ტყვია კეფაში ქონდა ნასროლი. აღნიშნული 28 ნეშტიდან მხოლოდ სამის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან ერთ-ერთი ხაფიზ ძნელაძეა.

პროცესი 2016 წელს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სულ აღმოჩენილია 6 სამარხი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში