სამარხში ნაპოვნი ერთ-ერთი ნეშტი იდენტიფიცირებულია

19 ივლისი 2022, 17:27 859 ნახვა

საბჭოთა რეპრესიების დროს, 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილთა შორის ხაფიზ ძნელაძე  ერთ-ერთია, ვისი ნეშტიც უკვე  იდენტიფიცირებულია. ოჯახმა დნმ-ის ანალიზის პასუხი მიიღო, რომლითაც დასტურდება, რომ იგი 1937 წელს მდინარე ჭოროხის მიმდებარედ დახვრიტეს.გენეტიკური ტესტი ხაფიზ ძნელაძის შვილიშვილს და დისშვილს 14 აპრილს ჩაუტარდათ რამდენიმე დღის წინ კი ცნობა მიიღეს, რომ მეხუთე სამარხში ნაპოვნ 28 ნეშტს შორის ერთ-ერთი მათი ბაბუაა. შვილიშვილის უშანგი ძნელაძის თქმით, საბჭოთა პერიოდში მისი ბაბუა გადასახლებაში დაღუპულად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით ბებიის ინფორმაციის საფუძველზე  მამამ გაარკვია, რომ ის ციმბრიში კი არ გარდაცვლილა, არამედ კომუნისტურმა რეჟიმმა დახვრიტა. ხელვაჩაურის ყოფილ სამხედრო ბაზაზე 30-იან წლებში დახვრეტილთა სამარხების შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ნაპოვნია 200-ზე მეტი ნეშტი. პროცესი 2016 წელს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სულ აღმოჩენილია 6 სამარხი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში