ნატალია (ტუსია) ბერიძე
ნატალია (ტუსია) ბერიძის სოლო მუსიკალური დისკოგრაფია 2003 წლიდან ითვლის დასაწყისს - მანამდე იგი გოგი ძოძუაშვილისა და ნიკა მაჩაიძის ჩანაწერებში ჩნდებოდა ვოკალისტად. სადებიუტო ალბომი TBA (ეს სახელი პირველ ეტაპზე მისი მუსიკალური ფსევდონიმიც გახლდათ) მოვლენათა იღბლიანი განვითარებით თუ ჯადოსნური შემთხვევითობით, გერმანულ ლეიბლ max.Ernst-ზე გამოიცა, რაზეც 2003 წლის საქართველოში დამწყები მუსიკოსი ვერც იოცნებებდა. ამას დღემდე ორ ათეულამდე დიდი თუ მცირე ზომის, სოლო და კოლაბორაციული ალბომი მოყვა, რომელთაგან თითქმის ყველა უცხოურ ლეიბლებზეა გამოცემული. თუმც ნატალია ბერიძის მუსიკას ელექტრონულ ჟანრს მიაკუთვნებენ, მის ნამუშევრებში წარმოდგენილი მრავალფეროვნება წინააღმდეგობაშია ამ კუთვნილებასთან - მუსიკა კინოსთვის, მუსიკა საცეკვაო სივრცისთვის,სხვადასხვა სტილისტიკის ვოკალური კომპოზიციები.
ოქტომბერში ქართულ ლეიბლზე, CES records-ზე გამოიცემულ Spines (რომელიც პირქუშ, მძიმე საცეკვაო, მათ შორის ქართული ცეკვისთვის დამახასიათებელ თვლაზე აწყობილ კომპოზიციებს აერთიანებს) დეკემბერში სრულად ქორალური ალბომი მოყვება.