პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება - მთავრობის სხდომა

10 აპრილი 2023, 16:56 809 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში - „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის თანახმადაც პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება.

" ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ჭერი. ანუ სოციალურად დაუცველის შემთხვევაში ისედაც ნული იყო თანაგადახდა და რასაკვირველია, ეს ასევე დარჩა, პენსიონერის შემთხვევაში 10 პროცენტი, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში მათი თანაგადახდის წილი არაუმეტეს 500 ლარი იქნება, 18 წლამდე ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში 20 პროცენტი და არაუმეტეს 1 000 ლარი, სხვა დანარჩენის კი, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც  3 500 ლარზე ნაკლებია, 30 პროცენტი იქნება, არაუმეტეს 1 500 ლარისა"- განმარტავენ მთავრობაში.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მაქსიმუმ იმ თანხის გადახდა მოუწევს, რაც განისაზღვრა.

დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებულ ხედვას წარმოადგენს და მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

"განიხილეს ცვლილება „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ითვალისწინებს შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევას და საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება"- აცხადებენ მთავრობაში.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.

აღნიშნული გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერების, ასევე კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობაა. გეგმაში გათვალისწინებულია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში