ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება

17 მაისი 2023, 11:40 1151 ნახვა

ბათუმში კიდევ ერთი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების, 1000 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძველი სკოლის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი სკოლის მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

"დღეს, ჩვენ სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული სკოლის მშენებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სკოლა იქნება ძალიან კარგი და იქნება განათლებული, მოტივირებული მოსწავლეების, ახალი თაობის, აღზრდის ადგილი. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოკლე დროში შევძლოთ, ამ მემკვიდრეობით დატოვებული  დიდი პრობლემის გადაჭრა.  სამწუხარო ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ბათუმში არ შენდებოდა სკოლები,  თუმცა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ და ძალიან მალე უნდა შევძლოთ მასთან ეფექტურად გამკლავება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა. თუმცა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, 80 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებელობა მიმდინარეობს აჭარაში და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, ახალ სკოლაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას, 25 000 მოსწავლისთვის გაუჯობესდება სასწავლო გარემო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში