არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ - განათლების სამინისტრო

21 ივნისი 2023, 10:49 791 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა მხარდაჭერისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად, სამინისტროს ინიციატივით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ და მათ კიდევ რამდენჯერმე მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა.

"აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებისთვის დამატებით შეთავაზებული იქნება მოსამზადებელი კურსები, როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავების, ასევე ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების მიმართულებით.

ამასთან, ცვლილებების შესაბამისად, ისინი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ისარგებლებენ დადგენილებით გათვალისწინებული იმ პირობებით, რითაც პრაქტიკოსი მასწავლებლები სარგებლობდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების პროცესს, რომელიც ზაფხულში დასრულდება. შეფასების შედეგების საფუძველზე მასწავლებლებს შესაბამისი (წამყვანის ან მენტორის) სტატუსი 2023 წლის პირველ სექტემბრამდე მიენიჭებათ“, - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში