უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე, 15.6%-მდე ჩამოვიდა - პრემიერი

30 ივნისი 2023, 12:30 1756 ნახვა

მიმდინარე წლის აპრილში ეროვნული ბანკის ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 5.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე.

პრემიერის თქმით, წელს, პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, 70 000-ით გაიზარდა და 1 271 000 შეადგინა. მისივე განცხადებით, უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული.

"უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს – 17.3%-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად – 70 ათასით გაიზარდა და შეადგინა 1 271  000. უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული, იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ შევადარებთ გასულ წელს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე – 15.6%-მდე ჩამოვიდა  და წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30.0%, 30% იყო წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მაჩვენებელი. წელს ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა სიღარიბე – 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს, უფრო ზუსტად, 535 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს“,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

„მინდა, მოკლედ ჩამოვთვალო იმ ფაქტორების შესახებ, რაც განაპირობებს ეკონომიკურ წარმატებებს, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან გაჯანსაღებას და გაუმჯობესებებას: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა ბიზნესის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური ხელშეწყობის მექანიზმები; მეწარმეებისათვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერის მიზნით, დამუშავდა რეგიონალური ზრდის ცენტრების კონცეფცია; წელს გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში. პროგრამის საშუალებით საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერილია 1 000-მდე პროექტი, შეიქმნება 6 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ ამ ერთი პროგრამის ფარგლებში. სულ კი, შექმნის დღიდან, ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 62 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში