მთავრობამ პარლამენტს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი წარუდგინა

26 აპრილი 2024, 18:42 541 ნახვა

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი წარუდგინა.აღნიშნული დოკუმენტი 29 აპრილის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც მისი საპარლამენტო განხილვა დაიწყება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე, ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადებული კონკურენტუნარიანი, თავისუფალი მოქალაქის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ვალდებულებების პატივისცემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი, მუდმივად ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარების, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია- ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის აღზრდა; სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა; ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა; მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი მოქალაქის აღზრდა; დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მცოდნე და დამცველი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს პატრიოტიზმთან, სახელმწიფოებრიობასთან და საკაცობრიო იდეალებთან; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ; დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებული, გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მიმღები, მოაზროვნე, მაძიებელი, შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტად განმავითარებელი, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი, შრომისმოყვარე მოქალაქის აღზრდა; ფიზიკური, ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება; თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში „ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება; გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე სათანადო რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნული, ეროვნული, რეგიონული და გლობალური განვითარების მიზნებს.

„საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, სოციო-ემოციურ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში