უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში - შარლ მიშელი საქართველოზე

27 ოქტომბერი 2024, 21:26 257 ნახვა

ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი დაემატა. ამის შესახებ, ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს.

შარლ მიშელი სოციალურ ქსელში საქართველოში გამართულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა – სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს.

 

ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში“, – წერს შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში