გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის - შალვა პაპუაშვილი

28 ოქტომბერი 2024, 11:52 351 ნახვა
 

გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გამართლდა ის, რომ ოპოზიციას არ სურს აღიაროს ხალხის ნება, არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია გადატრიალების სცენარს მიჰყვება, ეს არის კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა, ასეთ ქმედებებს ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

„ცესკო-მ დაასრულა ხმების დათვლა სრულად. არჩევნების შედეგები უკვე ნათელი არის. თითქმის 900 000 ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზეა ამ არჩევნებში. ეს არის დიდი გამარჯვება ქართველი ხალხის, რომელმაც ფაქტობრივად გაიმეორა ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა. გაუსწორა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო ამ არჩევნებზე იყო ამის რისკი, რომ განმეორდებოდა.

 

დიდი იმედი მართალია არა, მაგრამ მაინც, გულის კუნჭულში მაინც მქონდა იმედი, რომ არ მომიწევდა 2020 წლის მსგავსად გამოსვლა და ტყუილების მხილება. მაგრამ გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მათთან დაკავშირებული, მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით. გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება, გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა. გამართლდა ის, რომ ამ ლოგიკიდან არ ამოვარდებოდნენ. 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ ეღიარებინათ მარცხი. 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი. 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ.

 

ახლა რაც შეეხება დეზინფორმაციებს, რომლებზეც უკვე შეჩვეული ვართ, რომ ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ადრე გვქონდა ძირითადი მანიპულაცია, რასაც ოპოზიცია აწარმოებდა, ეს იყო ბიულეტენები, ოქმები, გახსოვთ ფრიალი და ა.შ. ჩაიხსნა მთლიანად, იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიღეთ ელექტრონული სისტემა და ახლა გადავიდნენ სხვა სახის მანიპულაციებზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის არევის საქმეშია ჩართული.

„თქვენ გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია, რამე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით. გუშინ, ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. როცა პრეზიდენტის სასახლიდან ხდება დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავია და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ქვეყნის არევა ჰქვია ოპოზიციასთან ერთად. ჩვენ გვესმოდა დუბლირებული სიები, რომ აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა „ქართულ ოცნებას“, მონიშნული იყო ბიულეტენები - არცერთი ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით, ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის წინასწარ იყო შერჩეული, აუდიტი ჩაატარა, არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა. თან თავადაც ამბობდნენ, შეუძლებელი იყო, იქ რამე მომხდარიყო, უბრალოდ, ეს არის, როცა დავალებას იღებ, რომ ქვეყანა უნდა არიო, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში