საჩივრების განხილვა

01 ნოემბერი 2024, 11:05 345 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დასრულდა. ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. საოლქოს წევრების კამათი მომჩივანი მხარის მოთხოვნებსა და მტკიცებულებებს მოჰყვა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები და საარჩევნო სუბიექტები რამდენიმე უბანზე შემაჯამებელ ოქმებთან და არჩევანის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ ფაქტებს ასაჩივრებდნენ. ითხოვდნენ უბნების ხელახლა გადათვლას და შედეგების ბათილობას, რასაც საოლქო კომისია არ დაეთანხმა.

კომისიის წევრებმა 11 საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილეს და ისიც ნაწილობრივ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ. გვიან ღამემდე გაგრძელდა საჩივრების განხილვა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ოლქში საჩივრები წარდგენილი ჰქონდათ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისე პოლიტიკურ პარტიებს. საჩივრების ნაწილი დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც უბნის თავმჯდომარეებსა და მდივნებს დისციპლინარული გაფრთხილება მიეცათ. საჩივრების ნაწილი კომისიამ დაუდასტურებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

17 საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა კომისიამ ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ისინი ძირითადად  შემაჯამებელი ოქმების მონაცემებსა  და პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში