ხანძარი ბორჯომის ხეობაში

22 აგვისტო 2017, 00:00 5036 ნახვა

ვითარება ბორჯომში კვლავ მძიმეა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის ლოკალიზება. ხეობაში ცეცხლის სამი ძირითადი კერაა. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტს და ცენტრალურ მაგისტრალს უახლოვდება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის საშიშროება აღარ არის. სოფელ დაბასთან დაახლოებით 12 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი. იწვის წაღვერის ტყე. საქართველოს მთავრობამ დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა. მზაობა გამოთქვა ამერიკის ხელისუფლებამ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მთელი დღის განმავლობაში ჩართულია ასობით მეხანძრე-მაშველი, ტყის მცველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

რაც შეეხება საჰაერო დახმარებას – ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ ვერტმფერენებით, 2 საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენია, 1 საქართველოში აზერბაიჯანმა, 2 კი თურქეთმა გამოგზავნა. უკვე საქართველოშია კიდევ ერთი ამჯერად თურქული სახანძრო თვითმფრინავი. 10 ტონის ტევადობის საჰაერო სახანძრო თვითმფრინავი კოპიტნარის აეროპორტში დღის ბოლოს დაეშვა.  ასევე, დახმარებისთვის ეკიპაჟები გამოგზავნა სომხეთმა.  ბოლო ინფორმაციით ვერტმფრენი გამოგზავნა ბელორუსმაც, რომელიც უკვე გზაშია. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ღამის საათებში, დაბალი ხილვადობის გამო ვერტმფრენები ვეღარ ჩაერთვებიან ოპერაციაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით დახმარების მზადყოფნა გამოთქვა რუსეთმაც, თუმცა ამის საჭიროება არ არის. ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ხანძრის ჩაქრობას ბუნებრივი პირობები, ქარი და სიცხე ართულებს. გარდა ამისა, მიუვალი იყო ფერდობები, რის გამოც გაიჭრა ახალი გზები და კორიდორები. მეორე დღეა საგანგებო შტაბი მუშაობს ბორჯომის ხეობაში, ერთხელ უკვე ლოკალიზებულ ხანძარს, კი მეხანძრე-მაშველები მესამე დღეა აქრობენ. სრული მობილიზებაა საგანგებო სამსახურებში.

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში