''პრობლემას კაცებზე უკეთ დავაფიქსირებდი, თუმცა მთის კანონი გვიკრძალავს'' - ქალები მაღალმთიანი აჭარიდან

08 მარტი 2018, 00:00 6370 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის მაღალ სოფლებში ქალები, ძირითადად, სახლის საქმეებით არიან დაკავებულები,  სოფლის ცხოვრებაში არ ერევიან. ამბობენ, რომ პრობლემებს მამაკაცებზე უკეთ დააფიქსირებდნენ, თუმცა კრებაზე არ მიდიან, რადგან ეს მთის კანონს ეწინააღმდეგება. 

დიდი თაობის ქალებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა გოგონები უფრო თამამები არიან. 

65 წლის შუშანა გორგაძე: "დილა ზამთარში რვა საათზე იწყება, პირველ რიგში ბოსელში მივდივარ, პირუტყვის ვუვლი, რძით ყველს და კარაქს  ვაკეთებთ, ესაა ჩვენი ძირითადი საკვები და შემოსავალი. მერე სახლის საქმეები იწყება - მილაგება, დარეცხვა და საჭმლის გაკეთება, ბავშვების მიხედვა, საქმეს რა დალევს" ...

მძიმე და რუტინული შრომის შემდეგ კი  ღორჯომელი ასაკოვანი ქალები თავს ქსოვით ირთობენ. 

"30 წელზე მეტია წინდებს ვქსოვ, ამ სეზონზე 50 წყვილი უკვე მზად მაქვს, ჯამში 1000-ზე მეტი წინდა მაქვს მოქსოვილი. ორნამენტებს თვითონ ვარჩევ, ფერებსაც ჩემი გემოვნებით ვახამებ" - ამბობს შუშანა გორგაძე. 

ახლა ხალიჩების, შარფებისა და ქუდების ქსოვითაც დაინტერესდა. ხალიჩებს სპეციალური ხის დანადგარით ქსოვს, რომელიც მეზობელმა გაუკეთა.  წინდები ბაზარზე გასაყიდად არ გააქვთ,  გოგონებს მზითევში ატანენ ან საჩუქრად იყენებენ. 

"თუ გოგოს გავათხოვებთ წინდებს წეყვილ-წყვილად სიძეს და სიძის ოჯახის წევრებს ვჩუქნით" 

ჟულიეტა ირემაძე ​შუშანას მეზობლად ცხოვრობს, მასთან სოფლის ქალები იკრიბებიან და ​ წინდის ქსოვის პარალელურად სოფლის პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა საკუთარი აზრს საჯაროდ არასდროს აფიქსირებენ.

ჟულიეტა ირემაძე: „მე, რომ დავესწრო კრებას სოფლის უამრავ პრობლემას კაცებზე უკეთ დავაფიქსირებდი, თუმცა ამას მთის კანონი გვიკრძალავს. სახლში ვზივართ და სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საღამოს მამაკაცები გვიყვებიან, არის შემთხვევები, რომ ჩვენი პრობლემები კრებაზე არც კი გაუტანიათ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ტრადიციულად, წლებია ასეა„

შუშანა გორგაძე: ​"მე 10 კლასი დავამთავრე, მერე გავთხოვდი და მას შემდეგ მიწაზე ვმუშაობ, გოგონებს განათლება აუცილებლად უნდა მივაღებინო, მალე ჩემები უნივერსიტეტში ჩააბარებენ და სოფელს მარტო მოხუცები შევრჩებით'' 

სოფელში ახალგაზრდების დიდი ნაწილი აღარ ცხოვრობს. ძირითადად, სკოლის მოსწავლეები. უ​ფროსი თაობისგან განსხვავებით, გოგონები უფრო აქტიური მოსწავლეები არიან. 

აქტიურად არიან სოციალურ ქსელებშიც, თუმცა ახალგაზრდებს ინტერნეტის პრობლემა აქვთ, სახლებში ტელეფონის ინტერნეტით სარგებლობენ, ამიტომ ონლაინ სამყარო მათთვის ხშირად ხელმისაწვდომი არაა. 

 

 

ფოტო: სოფო შავაძე 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში