ბათუმში 4828 ადამიანს საკვების ფული არ აქვს

15 მარტი 2018, 00:00 5511 ნახვა

აჭარაში 5268 ადამიანს, რომლებიც შიმშილის ზღვარზეა არიან, ყოველდღიურ საკვებს მუნიციპალიტეტი აწვდის.  აქედან ყველაზე მეტი, 4828 ადამიანი ბათუმშია რეგისტრირებული. ყველაზე მცირე კი ქედაში, იქ მერიის მიერ მიწოდებულ საკვებზე  23 ადამიანია  დამოკიდებული.

„უფასო სასადილოებში“ სადილი, 5268 ადამიანს დღეში ერთხელ უწევს.  ძირითადად, კუთვნილი ულუფა სახლში მიაქვს.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 6 სასადილო მოქმედებს, სადაც  4828  ბენეფიციარი  იკვებება.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ დამატებით სიაში კიდევ 289 ადამიანია, რომელთა კვების ხარჯი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ისინი რიგს ელოდებიან.

‘’დაბალი ქულების მქონე პირები განცხადებას წერენ და აღრიცხვაზე დგებიან, ამჟამად რიგს 289 ადამიანი  ელოდება, როცა ადგილი გათავისუფლდება, სიაში მათ ჩავსვამთ“ - ამბობს შალვა დანელია.

ამბობს, რომ რიგის მომლოდინე მოქალაქეები კვების გარეშე არ რჩებიან. „სამი საათის შემდეგ, როცა ძირითადი სიის ბენეფიციარები საკვების მიღებას და გატანას დაასრულებენ, დარჩენილ ულუფას ამ ადამიანებს ვუნაწილებთ’’.

რა შემთხვევაში იღებენ სიიდან ძველ ბენეფიციარს?

თუ მოქალაქე განცხადებით მიმართავს სიიდან ამოღების შესახებ ან 10 დღე საკვების წასაღებად არ მოვა.  

შემოწმების შედეგად თუ აღმოჩნდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა გაუქმდა.

მუნიციპალურ უფასო სასადილოებში მთელი კვირის მენიუ გაწერილია, რომელიც ექსპერტთა ჯგუფის მიერაა შედგენილი. თითო ულუფის კალორაჟი და შემადგენლობა დათვლილია.  

ბათუმში ერთ ადამიანზე კვებისთვის 1.90 თეთრია გამოყოფილი.

ქობულეთის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბენეფიციარები კვირის განმავლობაში ქათმისა და ხბოს ხორცით მომზადებულ კერძებს, თევზსა და ბოსტნეულს, წვნიანის, ხილის კომპოტსა და პურს იღებენ.

ქობულეთში ერთი უფასო სასადილო ფუნქციონირებს და 280 ადამიანს აწვდის საკვებს, თუმცა სოციალურ ქსელში სასადილოებში მომზადებული კერძები და მისი რაოდენობა განხილვის და კრიტიკის საგანი გახდა.  

ყოველდღიურად ხელვაჩაურში უფასო საკვებს 49 ადამიანი ელოდება, თითოეულ მათგანზე, მერია დღეში 2 ლარს ხარჯავს.

შუახევში 42 ბენეფიციარია, ხელვაჩაურისგან განსხვავებით, აქ ბენეფიციარზე 45 თეთრით მეტია გათვალისწინებული და 2.45 თეთრი იხარჯება.

ჯამში, წლიურად 40 ათასი ლარია გამოყოფილი და ეს ციფრი ორი წელია უცვლელია, სოციალურად დაუცველთა რიცხვიც იგივეა.  

შუახევისგან განსხვავებით ბენეფიციართა რიცხვი ხულოში ხუთით გაიზარდა.  წელს უფასოდ კვებას 38-ის ნაცვლად, 43 ადამიანი ითხოვს. 

ქედაში გასულ წელს, უფასო სასადილოში 26 ბენეფიციარი დადიოდა. წელს კი მუნიციპალიტეტს პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, მხოლოდ 23 მოქალაქემ მიმართა.

 

 

ამავე კატეგორიაში