პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

02 აპრილი 2018, 00:00 2551 ნახვა

2018-2019 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა, პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება. 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება. 

მეორე ეტაპი, რომელიც ელექტრონულ რეგისტრაციას გულისხმობს, 8 მაისიდან 8 ივნისის ვადაში განხორციელდება.  

რაც შეეხება მესამე ეტაპს, ის ორი ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში, მშობელი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელია ან ოჯახიდან,  პირველ კლასში, ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირდება ყველა ის  ბავშვი, რომელიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.

მესამე ეტაპზე, შესაძლებელია, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია.

2018-2019 სასწავლო წელს სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოზარდებს, რომლებსაც 17 სექტემბრამდე  6 წელი უსრულდებათ.

 

ამავე კატეგორიაში