3950 მაწანწალა ცხოველი ბათუმში - ქუჩის ძაღლების მზარდი სტატისტიკა

01 მაისი 2018, 00:00 7311 ნახვა

არის თუ არა ბათუმში ძაღლთა თავშესაფარი და რას უშვებიან ძაღლებს, რომელებიც არ იკბინებიან, თუმცა ჯგუფურად დადიან და მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიან. აშინებენ, იშვიათ შემთხვევაში კი თავს ესხმიან. 

ბათუმში მიუსაფარი ძაღლების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა გასული წლის მონაცემებით, მერიას ტენდერი 2600 კატასა და ძაღლის აცრაზე, ხოლო 1350 კნუტისა და ლეკვის მკურნალობისთვის აქვს გამოცხადებული.

საერთო ჯამში, მინიმუმ, 3950 ქუჩის ცხოველია ბათუმში და მათი უდიდესი ნაწილი არ უქმნის საფრთხეს მოქალაქეებს. არსებობს გამონაკლისები, სადაც ძაღლები ჯგუფურად მოძრაობენ და თავს ესხმიან ბათუმელებს ან ტურისტებს.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე დაწერა სოციალურ ქსელში მოქალაქემ, რომლის მეგობარს ძაღლების ჯგუფი დაესხა თავს. 

"გუშინ საღამოს, 11 საათისთვის, ბათუმის ბულვარში ''სანრემოს'' მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა (მოწანწალე 7-მა ძაღლმა) დაკბინა ჩემი მეგობარი! რო მოვიკითხე,ასეთი შემთხვევა არა ერთი მომხდარა ბათუმში. შეკითხვა მაქვს, არსებობს ამ ქალაქში სამსახური ან რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც დარდობს და ფიქრობს,თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მაწანწალა ძაღლებმა ფეხით მოსიარულე ადამიანებს? ამ საშიშროების პრევენცია როგორ უნდა მოახდინონ? სანამ თავიანთ შვილებს და ოჯახის წევრებს არ დაჭამენ,მანამდე გულთან ახლოს ამ პრობლემას არავინ მიიტანს?!" - წერს ნანა მეგრელიძე. 

რა სერვისი არსებობს ქალაქში და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი, რომელიც აგრესიულია, მისი განრიდება მოხდეს ქუჩიდან? 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ წლებია ქალაქის მერია აცრას და კასტრაციას უკეთებს ქუჩის ძაღლებს. საზოგადოებისთვის საშიშ ცხოველებს კი ევთანაზიით აძინებენ. 

"ჩვენ გვაქვს ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი, რომელსაც წელს კომპანია "სევერი" ახორციელებს.  ტენდერის ფარგლებში ეძებენ უპატ​რონო ძაღლებს, უტარებენ ვაქცინაციას, მკურნალობენ და სპეციალური ნიშნით იგივე გარემოში აბრუნებენ.  ამით თავიდან ვიცილებთ საფრთხეს, რომ ცხოველები იყვნენ დაავადებულები, აგრესიულები და მოხდეს მათი გამრავლება" - გვითხრა ნუგზარ ცეცხლაძემ.

რა ხდება იმ შემთხვევაში,თუ ძაღლი აგრესიულია, მაგრამ  არც ისე სახიფათო, რომ მისი ჰუმანური მეთოდით მოკვლა გახდეს საჭირო. ბათუმში მერიაში ამბობენ, რომ ტენდერის პირობებით ორი ვარიანტი განიხილება, ძაღლი ან არის სოციალური და ის მკურნალობის შემდეგ ბრუნდება გარემოში, ან ის სახიფათოა და კინოლოგისა და ვეტერინარის რეკომენდაციით ხდება მისი ევთანაზია.

მესამე ვარიანტი, თავშესაფარი, სადაც აგრესიულ ძაღლებს მოათავსებენ ბათუმში არ არის და მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ალტერნატივა არც განიხილება.

"ბუნებრივია, არ განვიხილავთ შესაძლებლობას ჩაკეტილ სივრცეში გვყავდეს ცხოველები, რომლებიც ჩვეულ გარემოში არ იქნებიან, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათი სოციალიზაცია მოხდეს.  თუ აგრესიული ძაღლების ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, გვაქვს განრიდების პოლიტიკა. თუ მოქალაქემ დატოვა შეტყობინება, რომ ძაღლი აგრესიულია და საფრთხე შეუქმნა მას, მინდა გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევები გვქონია, კომპანია ''სევერის'' თანამშრომლები გადიან ადგილზე, აჰყავთ ძაღლი, ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებიან, საკვების აწვდიან, ხელმეორედ უკეთებენ ვაქცინაციას და უბრუნდება გარემოს. თუ გამოიკვეთა, რომ ის ზედმეტად აგრესიულია და არ შეუძლია თანაცხოვრება ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან, ხდება მისი ჰუმანური მეთოდით დაძინება" - ამბობენ მერიაში.

აქვე აკონკრეტებენ, რომ მოქალაქეების ზარების გარდა, აგრესიულ ცხოველებზე კომპანიაც ახორციელებს მონიტორინგს. კითხვაზე, რამდენად ეფექტურია მონიტორინგი? მერიაში აცხადებენ, რომ ამ კუთხით კომპანია "სევერთან" პრეტენზიები არ აქვთ. 

ნუგზარ ცეცხლაძე ირწმუნება, რომ ერთხელ განრიდებული აგრესიული ძაღლის გარემოში ბრუნდება, სახიფათო არ არის. არ  ყოფილა შემთხვევა,ერთ ძ​აღლზე ორჯერ შესულიყო შეტყობინება. "არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ ორჯერ შემოსულიყო ერთდაიგივე ცხოველზე შეტყობინება, პასუხისმგებლობას, რომ აგრესიული ძაღლი, რომელიც ადამიანებისთვის საშიშია, არ დაბრუნდეს ქალაქში,  "სევერი" იღებს" - ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ პრობლემა მოქალაქეებშიც არის, რომლებიც ცუდად ექცევიან ძაღლებს, აღიზიანებენ, ჯოხს ან ქვას ესვრიან და ამას სისტემური ხასიათი აქვს. 

"ჩვენი მენტალობაც შესაცვლელია, ჩვენ გვინდა ეს ცხოველები საერთოდ არ არსებობდნენ, არ აქვს მნიშვნელობა აცრილია თუ არა, ძალიან ცუდად ექცევიან მოქალაქეები და ამის ფაქტები ხშირია. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, თუმცა,რა თქმა უნდა,არსებობს შემთხვევები, როცა ძაღლები ესხმიან თავს, ეს ძალიან იშვიათია და ამაზე გვაქვს რეაგირება. აქვე აღვნიშნავ, რომ ბოლო წლებში, ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქალაქში ცოფის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ". 

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების კასტრაცია ხდება, ქალაქში იმატებს მაწანწალა ძაღლების რიცხვი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბათუმის შემოგარენიდან მეპატრონეები ხშირად ტოვებენ ქალაქში ძაღლებს, ასევე, ხშირი შემთხვევაა, ო​ჯახს ჰყავს ძაღლი, შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო აღარ უვლის და ქუჩაში ტოვებს. 

კომპანია "სევერის" ვეტერინარის განმარტებით, მინიმალურია შანსი, ​აცრილი და სპეციალური სინჯის მქონე ძაღლები აგრესიულები იყვნენ. 

კომპანიის ინფორმაციით, ბათუმში 16 000 ცხოველის აიცრა. მათ შორის - 1200 მოკვდა, 1500 ძაღლი, რომლებიც ტრავმებით შეიყვანეს ან აგრესიულები იყვნენ დააძინეს, 2500 ლეკვი კი გაშვილდა. 

კომპანიის ვეტერინარი ამბობს, რომ პრობლემა საზოგადოებაშია, რომელიც აგრესიულად ექცევა ცხოველებს. ასევე, საუბრობს პრობლემაზე, რომლის გამოც მრავლდება უპატრონო ძაღლები: "წარმოიდგინეთ, ყველა ქუჩის ძაღლის კასტრაცია ხდება, მაგრამ ქუჩის ცხოველების რაოდენობა კიდევ უფრო იმატებს ბათუმში. ეს იმის ბრალია, რომ არ ხდება სახელმწიფოს მიერ იმათი აღრიცხვა, რომლებსაც აჰყავთ ძაღლი, აჯვარებენ და შემდეგ ლეკვებს ქუჩაში ყრიან, ან ძაღლის მოვლა აღარ უნდათ და ა.შ.  ამიტომ იმატებს მიუსაფარ ცხოველთა რიცხვი და გამოსავალი მხოლოდ ამ სფეროს კონტროლშია. წრეზე ვტრიალებთ და ამით არაფერი იცვლება. ხომ შეუძლებელია ყოველწლიურად კასტრირებული ქუჩის ძაღლები ათასობით მრავლდებოდნენ?" - ამბობენ კომპანია "სევერის" ვეტერინარი.

მიუხედავად მერიისა და ვეტერინარების პოზიციისა, ფაქტია ქალაქში რჩებიან ცხოველები, რომელთა მცირე ნაწილი ჯგუფურად დადის და საფრთხის შემცვლელია. ძირითადად ასეთ ჯგუფებს ქალაქიც ცენტრალურ და ტურისტულ ნაწილებში შეხვდებით, რადგან აქ ყველაზე ხშირად აწვდიან ქუჩის ძაღლებს საკვებს.  

ამავე კატეგორიაში