ბათუმის პორტს, სავარაუდოდ, 5 000 ლარით დააჯარიმებენ

22 მაისი 2018, 00:00 2665 ნახვა

ბათუმის პორტს გარემოს დაცვის ინსპექცია, სავარაუდოდ, 5 ათასი ლარით დააჯარიმებს. სპეციალისტებმა არაგეგმიური შემოწმებისას დარღვევები აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსის თქმით, პორტში ნარჩენების მართვისა და სანიაღვრე არხის ფუნქციონირების პირობების დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს. 

მაკონტროლებლები პორტში დაახლოებით ორი კვირის წინ, მოქალაქეებისა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე შევიდნენ. საქმე ეხება ღია ცის ქვეშ დიდი მოცულობით აზოტისა და გოგირდის გადატვირთვის ფაქტს, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ ბათუმის ქუჩებში პლაკატებიც გამოჩნდა წარწერით: ''ბათუმზე ქიმიური შეტევა ხორციელდება''.

ეკოლოგების თქმით, რეგიონში გარემოს დაბინძურების კუთხით,  ბათუმის პორტი, ნავთობტერმინალთან ერთად პირველ ადგილზეა. ისინი გარემოზე მიყენებულ ზიანს საგანგაშოდ მიიჩნევენ. საუბრობენ დაბინძურებულ მდინარე ბარცხანასა და შავ ზღვაზე, ჰაერში გაფანტულ გოგირდის ოქსიდებზე, რომელიც გარემოსთან ერთად ზიანს ადამიანის ჯანმრთელობასაც აყენებს.

მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ობიექტებთან ახლოს ცხოვრობენ, ამბობენ, რომ პატარებს ალერგია აწუხებთ. მდგომარეობა გაუსაძლისია, არის მტვერი და სპეციფიკური სუნი.

ნავსადგურის ადმინისტრაციაში საჯარიმო სანქციების შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობენ, ირწმუნებიან რომ მათ არაფერი დაურღვევიათ.

8 მაისს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბათუმის პორტის ეკოლოგიის განყოფილების უფროსი ზაზა ვარშალომიძე აცხადებდა, რომ ისინი საქართველოსა და აჭარის გარემოს დაცვის უწყებების წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მუშაობდნენ. გრანულირებული გოგირდი კი ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ბათუმის პორტი, 2015 წლის შემდეგ არ შეუმოწმებია. რატომ? უწყებაში კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში