სახიფათოა თუ არა 9 სართულიან სახლში ცხოვრება, რომელმაც დეფორმაცია მიიღო და დაიბზარა?

25 მაისი 2018, 00:00 4545 ნახვა

სახიფათოა თუ არა 9 სართულიან სახლში ცხოვრება, რომელმაც დეფორმაცია მიიღო და დაიბზარა? ბათუმში, გორგილაძის  N86-ა ნომერში მცხოვრებლებმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან დასკვნა მიიღეს. 

დოკუმენტში წერია, რომ შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

‘’საჭიროა მას ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები... შენობის დეფორმირების პროგრესირების დასადგენად, აუცილებლად მიგვაჩნია დაიწყოს მასზე დაკვირვება და დეფორმირების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამაგრებითი ღონისძიებები ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს შენობის ნაწილის უეცარი რღვევა’’ - წერია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში.

გორგილაძის ქუჩის N86-ა კორპუსს ბზარები დაახლოებით 4 წლის წინ გაუჩნდა. დაზიანებულია სახლის მხოლოდ ერთი ნაწილი, პირველი სადარბაზოს უკანა ხედი. ბზარი მეორე სართულიდან იწყება და სახლს მეცხრე სართულამდე გასდევს. კორპუსის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ წელს პატარა ნაპრალები კიბის უჯრედებთანაც გაჩნდა.

მრავალსართულიან სახლს მიშენებები წინა მხარეს აქვს, გაფართოებულია აივნები. 

რამდენიმე წლის წინ კი, კორპუსს სარდაფში სარემონტო სამუშაოებიც ჩაუტარდა.​  

‘’სარდაფში სამუშაოები დაუდევრად განხორციელდა, რასაც მოყვა ‘’დამმაგრბელი ლენტის’’ (ავტ. ლენტური საძირკვლის რკინაბეტონის კონსტრუქცია) გადაჭრა. გათვალისწინებული იყო გრუნტის გათავისუფლება, ნაგვის ამოღება, ბეტონის დასხმა და მოპირკეთება, თუმცა დაგეგმილზე ღრმად ამოთხრეს და დააზიანეს. თონის გახსნა უნდათ, მაგრამ მოსახლეობა  უფლებას არ ვაძლევთ. დღე-დღეზე  ნახევარი სახლი ჩამონგრევა და სხვასაც მიიყოლებს’’ - ამბობს ალექსანდრე მილორავა.

ამხანაგობა სახლი გაბზარვას გვერდით კორპუსის მშენებლობასაც უკავშირებს. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა სამუშაოებმა სახლი ნაწილობრივ დააზიანა.

ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაში შემდეგი ფორმულირებით წერია: ​‘’მიმდებარე ტერიტორიაზე, 2007-2011 წლებში აშენებულია მრავალსართულიანი სახლი, რომლის მშენებლობისას, მობინადრეთა ინფორმაციით ქვაბულში დგებოდა გრუნტის წყლები და ხდებოდა მათი ინტენსიური ამოტუმბვა. საკვლევი კორპუსიდან აღნიშნული შენობა 5 მეტრში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს შეეძლო გამოეწვია გრუნტის სუფოზიური პროცესები, რასაც თავის მხრივ, შესაძლოა მოჰყოლოდა საკვლევი შენობის საძირკვლის ჯდენითი დეფორმაციები’’.  

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობაში ამხანაგობამ ექსპერტიზის დასკვნა და განცხადება, ორი დღის წინ შეიტანა. საკითხს კომისია შეისწავლის და დასკვნის საფუძველზე იმოქმედებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში