ორის ნაცვლად 4 დღე-ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მიიღო. კიდევ ერთი ახალი ინიციატივა ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარებას ეხება. იდეას იწონებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა მაია მიმინოშვილის თქმით, გადასაწყვეტია შენობების საკითხი, რადგანაც პროცესი სასწავლო პერიოდს ემთხვევა.
წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, გაგრილების სისტემა კი მხოლოდ ერთშია გამართული. ზოგან ჰაერის ტემპერატურას დღეს ვენტილატორით არეგულირებდნენ. შექმნილი ვითარების გამო ბათუმის საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტების ნაწილს საგამოცდო სექტორის რამდენიმე წუთით დატოვებაც მოუხდათ. რაც შეეხება ტესტებს, აპლიკანტები ამბობენ, რომ იგი საშუალო სირთულის იყო და დავალებების შესრულება არ გასჭირვებიათ.