მოზარდი ყვება, რომ სკოლიდან გასულს უფროსი ბიჭები ემუქრებოდნენ 

18 დეკემბერი 2018, 00:00 4575 ნახვა

ფოტოზე ასახული სკოლა ბულინგის შემთხვევასთან კავშირში არ არის.

​''ართმევდნენ ჩანთას, გაყავდათ სხვა ტერიტორიაზე, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა'' - ამბავს მეხუთე კლასელი ბიჭის დამრიგებელი იხსენებს. ის ყვება ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეზე, რომელიც, სავარაუდოდ  ჩაგვრის მსხვერპლი გახდა. შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. 

სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით, მას შემდეგ აღიძრა, რაც მოზარდმა თქვა, რომ სკოლიდან გასულს უფროსი ბიჭები ქუჩაში ხვდებოდნენ და ემუქრებოდნენ. 

სკოლის დირექტორი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა, როგორც ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

''მოსწავლის თქმით, ის მანამდე შეესწრო ამ ბიჭების მიერ სხვისთვის რაღაცის გამოძალვის შემთხვევას. აშინებდნენ ამ ბავშვს, რომ ეს ფაქტი არ გაემხილა. ფიზიკურ შეხებასაც ადგილი ჰქონდა. ის მოზარდები ამ სკოლის მოსწავლეები არ არიან'' - ამბობს დირექტორი.

ბულინგი სხვა სკოლებისთვისაც პრობლემაცაა, თუმცა ყველა შემთხვევა სამართალდამცველებამდე არ მისულა. მეორე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ადმინისტრაცია მუდმივად აკონტროლებს პროცესს, რომ მოსწავლეებში ჩაგვრით დაწყებული კამათი დაპირისპირებამდე არ მივიდეს. 

ბულინგზე ღიად საუბრობენ მოსწავლეებიც. ამბობენ, რომ ჩაგვრის ფაქტები ხშირად სკოლის მიღმა ფიქსირდება, რასაც მანდატურები ვერ ხედავენ, მოსწავლეები კი მომხდარზე საუბრისგან სხვადსხვა მიზეზით თავს იკავებენ. 

''არის შემთხვევები როდესაც მოსწავლეები ერთმანეთს ჩაგრავენ. მე პირადად არ შევხვედრივარ ფაქტს, როდესაც ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს, თუმცა ვიცი რომ არის'', - ამბობს მოსწავლე ვახტანგ ბარამიძე. 

მოზარდობის დროს განცდილი ბულინგი, ჩაგვრა და დაცინვა ნეგატიურ გამოცდილებაა ადამიანისთვის და იგი პრობლემებს იწვევს ზრდასრულ ასაკშიც - ფიქრობენ მედიკოსები. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ სკოლებში ბულინგის შესამცირებლად საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაა საჭირო.  პრევენციისთვის კი მშობლებს ურჩევენ, რომ თუ ასეთ გამოწვევის წინაშე დადგებიან, აუცილებელად მიიყვანონ მოზარდი ფსიქოლოგთან, რომლებიც წესით საჯარო სკოლებში მუშაობენ.  აღსანიშნავია, რომ სკოლების დიდ ნაწილში დღეს სპეციალისტები არ ჰყავთ.

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში