ღამის თავშესაფარში მცხოვრები ამბობს, რომ მათი საკვები პერსონალს მიაქვს

17 იანვარი 2019, 00:00 1848 ნახვა

​ურეხის ღამის თავშესაფრის ერთ ერთი ბენეფიციარი შოთა ჯაფარიძე (ბათუმელებისთვის ნაცნობი კაცი მამლით) აცხადებს, რომ თავშესაფრის თანამშრომლები პროდუქტებს იპარავენ, რის გამოც უხარისხო კერძებით უმასპინძლდებიან. პროტესტის დასაფიქსირებლად ჟურნალისტებს თავად მიმართა. 

შოთა ჯაფარიძე უკვე ორი წელია თავშესაფარში ცხოვრობს. ამტკიცებს, რომ დიდი ხანია კვების პრობლემა დგას და იმ თანამშრომლებს, რომლებსაც პროდუქტები მიაქვთ ფოტოებსაც უღებს.

ფოტოები, რომელიც გვაჩვენა სხვადასხვა დროსაა გადაღებული, სადაც ჩანს თანამშრომელი, რომელსაც ჩანთა უჭირავს ხელში.

"5 ცალ კვერცხს ათქვეფენ სპეციალური დანადგარით, ამატებენ წყალს, ვის გაუგია „მამალიკოების“ წყლით მომზადება.  ან მაკარონს მოხარშავენ და ფარშის ნაცვლად შავ პურს ატარებენ, რომელსაც უმატებენ სუნელებს, ნიორს და მოაყრიან ფარშის ნაცვლად. ადრე ვხედავდი კარგი ჭყინტი ყველი მოჰქონდათ, ისეთ რომ რძე გადმოდიოდა, ჩვენამდე კი საშინელი მარილიანი ყველი მოდის" - ყვება შოთა. 

მისივე თქმით, არაერთხელ მიმართა თავშესაფრის ადმინისტრაციას. თავშესაფრის დირექტორი ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია, რადგან მკაცრად კონტროლდება კვება. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ აბსურდულია და დაუშვებელი ბენეფიციარის ბრალდებები, რადგან ყოველ ჯერზე სოციალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენელი გიგა ბეჟანიძე ამოწმებს კვების ხარისხს, პროდუქტს და მის რაოდენობას" - გვითხრა თავშესაფრის დირექტორმა ასლან მგელაძემ. 

საკვების მოპარვის ბრალდება აბსურდულად მიაჩნიათ ბათუმის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში. სამსახურის უფროსი სოფიო მიქელაძე ამბობს, რომ სადილის  თავშესაფრის ტერიტორიაზე არ მზადდება და იქ დიდი ოდენობის პროდუქტები არ ადის, რაც შეეხება საუზმეს და ვახშამს, ის ცალკე კონტროლდება. "თავშესაფარს დამოუკიდებლად ყავს თანამშრომელი, რომელიც საკვების კონტროლს ახორციელებს, ახალი მონიტორინგი არ ჩატარებულა, თუმცა არც ერთ სხვა მონიტორინგის დროს, არ დაფიქსირებულა მსგავსი დარღვევა. არც სხვა ბენეფიციარების მომართვიანობა ყოფილა. 

ურეხის ბავშთა სახლის შენობაში უსახლკარო ადამიანებისათვის დროებითი ღამის თავშესაფარი 2014 წელს ამოქმედდა. მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შენობის რეკონსტრუქციისათვის 250 000 ლარი დაიხარჯა, ის 70 ადამიანზე იყო გათვლილი.

ამ ეტაპზე ურეხის დროებითი თავშესაფარი 50 მდე ბენეფიციარს ემსახურება. აქ ორჯერადი მშრალი კვება იყო, თუმცა 1 იანვრიდან ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ბენეფიციარებს ცხელი წვნიანი დაემატათ.

თავშესაფრის ბიუჯეტი 311.600 ლარია, აქედან კვებაზე 73 ათასი ლარი იხარჯება. 

თავშესაფარში, 14 იანვარს ქალაქის მერიც იმყოფებოდა, თუმცა მასთან შეხვედრაზე ბენეფიციარებს პროტესტი კვებასთან დაკავშირებით ხმამაღლა არ დაუფიქსირებიათ. 

ამავე კატეგორიაში