''სამინისტროში ოროსნები არიან'' - მეთორმეტე კლასელების აქცია

29 იანვარი 2019, 00:00 18293 ნახვა

ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის, მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ნაწილი გაკვეთილებზე არ შედის. ისინი, ამ წუთებში, ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები. 

''სამინისტროში ოროსნები არიან'' , ''სამართალი სახლში დაგრჩათ?'',  ''ძირს უსამართლო სისტემა'' - მოსწავლეებმა ეს წარწერები თაბახის ფურცლებზე დაწერეს.   ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, ამ ფორმით აპროტესტებენ. ამბობენ, რომ საატესტატო გამოცდები მათთვისაც უნდა მოიხსნას. 

''ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ რომ ძველი საშინელება იყო. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლები არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მეთორმეტეც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის'' - ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე.

საპროტესტო აქცია 15 საათზეც არის დაგეგმილი, რომელიც მოსწავლეების თქმით, უფრო მასშტაბური იქნება. 

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან სრულად მოიხსნება. 2019 წელს გამოცდის ჩაბარება  მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებს აღარ მოუწევთ.

ცვლილების მიხედვით, გამოსაშვებ გამოცდას წელს მეთორმეტე კლასელები მაინც ჩააბარებენ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ მოსწავლეები ბათუმში. 

სკოლის დასრულებიდან რამდენიმე თვეში კი, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებიც დაეწყებათ. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში