მე-12 კლასელები არათანაბარ პირობებში არიან - მარიამ ჯაში

29 იანვარი 2019, 00:00 2325 ნახვა

პარლამენტის წევრი, მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ მე-12 კლასელები არათანაბარ პირობებში არიან, მაშინ როცა მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარე წელს უქმდება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ განათლების მინისტრთან დამატებით ისაუბრებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი 15 თებერვლამდე მიიღებენ. 

მარიამ ჯაში, სავალდებულო საგანთა ნუსხიდან, ზოგადი უნარების გამოცდის ამოღებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, კერძო მასწავლებლებისთვის მიემართათ, რაც ყველა ოჯახისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არ იყო. 

„გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. ზოგადი განათლების კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები. შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენადაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან. 

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.

დღეს, ბათუმში მეთორმეტე კლასელთან ნაწილი გაკვეთილებს არ დაესწრო. ისინი საპროტესტო აქციებს მართავდნენ და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 

ამავე კატეგორიაში