რეგისტრაციის შემდეგ მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე გადაამოწმეთ - გაფრთხილება აბიტურიენტებს

12 მარტი 2019, 00:00 1654 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აბიტურიენტებს მიმართავს, რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე გადაამოწმონ. სწორედ აქ მიიღებენ ისინი რეგისტრაციის წარმატებით გავლის შესახებ ინფორმაციას. 

''თუ ასეთი დასტური არ გაქვთ, სავარაუდოდ, თქვენ რეგისტრაცია ბოლომდე ვერ გაიარეთ, ამიტომ გთხოვთ, ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ასევე, გთხოვთ, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანოთ რეგისტრაციის პროცესი“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე - www.naec.ge და online.naec.ge უნდა გაიარონ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში