სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი ჩავარდა

05 აპრილი 2019, 00:00 11180 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, საგამოცდო რეფორმის შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა ჩავარდა.

აღნიშნულ ინიციატივას  მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცაკანონპროექტის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო.

საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით, დაჩქარებული წესით იხილავდა.

პროცედურების დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ითხოვა. თქვა, რომ ხმაურის გამო დარბაზში არაფერი ისმოდა, ამიტომ გაუგებარი იყო, რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს. 

კანონპროექტით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების ჩაბარების ვალდებულება ეხსნებოდათ. ასევე, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება ⤵

პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო. კანონი - რომელიც ინიციატორთა მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილებოდა. საუბარია, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკანონდებლო ინიციატივაზე. კანონპროექტის დამტკიცებისთვის 22 ხმით მეტი იყო საჭირო.

როგორც  „ქართული ოცნების“ დეპუტატები განმარტავენ, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა. ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც აქცენტს მმართველი გუნდის წევრების უუნარობაზე აკეთებს. სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი უახლოეს პერიოდში კენჭისყრაზე განმეორებით დადგება. 

 

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში