საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაში გაყვანის სქემა - რას ფიქრობენ სკოლაში? 

15 მაისი 2019, 22:02 3814 ნახვა

2 დღის წინ, 13 მაისს, განათლების მინისტრმა მიხელ ბატიაშვილმა, საჯარო სკოლების ადმინისტრაციას საპენსიო ასაკის პედაგოგების პენსიაში გაყვანის სქემა შესთავაზა. 

უფრო კონკრეტულად კი, განათლების სისტემაში მომუშავე ყველა საპენსიო ასაკის მქონე პედაგოგს, სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ, 2 წლის ხელფასი და დაზღვევა შესთავაზა. პარალელურად კი, სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა დააანონსა.  

რა ხდება თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგი, სკოლიდან თავისი სურვილით არ წავა? მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ეს მასწავლებლები სასწავლო დაწესებულებაში რჩებიან, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულებით და იმავე ხელფასით. ანუ, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება სკოლების მენეჯერებს დაევალათ.

საქართველოში, პედაგოგების დიდი ნაწილი საპენსიო ასაკის არის და წლების განმავლობაში, სხვადასხვა ექსპერტი ამბობდა, რომ ეს ქართული განათლების სისტემის გამოწვევა და გადასაჭრელი პრობლემა იყო. რადგან, სკოლიდან კადრების გადინება აღარ ხდებოდა, ხოლო სკოლაში ახალი კადრების შესვლის საკითხი კი ბუნდოვანი იყო. 

„განათლების სისტემაში შესვლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ შესვლას, რადგანაც სისტემას არ ჰქონდა გასვლის მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედება საშუალებას მისცემს სასკოლო განათლების სისტემას მიიღოს პედაგოგების ახალი ნაკადი. ამ თვალსაზრისით სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სიახლე პროგრესულია“, - ეს პოზიცია შალვა ტაბატაძემ რადიო თავისუფლებასთან დააფიქსირა. 

 

რას ფიქრობენ სკოლის სკოლაში?  -   73 წლის პედაგოგი, ნინო დონაძე, 30 წელზე მეტია განათლების სისტემაშია და ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგას. სამინისტრო მას ორ ალტერნატივას სთავაზობს - სკოლა ან 2 წლის ხელფასის სანაცვლოდ დატოვოს, ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდა ჩააბაროს. მასწავლებელს რამდენიმე თვე აქვს. 

''რა გააკეთოს ორი წლის შემდეგ მასწავლებელმა? ის იმედიანად უნდა გაუშვა'' - ამბობს ფიზიკოსი ნინო რუსეიშვილი. მოქმედი პედაგოგების თქმით, რეფორმის განხორციელება მარტივი არ იქნება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ის კადრების ჩანაცვლებას ასახელებს, ამბობს, რომ განსაკუთრებით დეფიციტური საგნების მასწავლებლების პოვნა გართულდება. ​ ''გამოცდა​ წარმატებით მაქვს ჩაბარებული, უფროსი მასწავლებელი ვარ და შემიძლია ჯერ მუშაობა. მე რატომ უნდა გავიდე პენსიაში? რომ ვხედავდე მომავალში, ახალგაზრდა კადრი მოვა, ყველანაირად დავეხმარები. ერთი ორი წელი ვიმუშავებ და მას ადგილს დავუთმობ, მაგრამ ამასაც პერსპექტივას ვერ ვხედავ''. 

პირიმზე რურუა სტატუსიანი პედაგოგია და სკოლის მენეჯმენტს წარმოადგენს. ფიქრობს, რომ პედაგოგის კვალიფიციურობა მხოლოდ გამოცდით არ უნდა იზომებოდეს.  უფრო დიდი პრობლემა ახალი კვალიფიციური კადრების პოვნა ჰგონია. 

''თუ მასწავლებელს არ გაუვლია კარიერული წინსვლის ეტაპი და გარკვეულ ასაკამდე პრაქტიკოსია, ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი არ არის კვალიფიციური. შეიძლება, ეს ფსიქოლოგიური მომენტითაც აიხსნებოდეს. მთლად მისაღები არ არის პედაგოგებისთვის, იმიტომ, რომ ფაქტის წინაშე გაყენებენ. უკვე ასაკოვანი ხარ და შეიძლება რაღაცას კარგად ვერ აკეთებდე. მეორე მომენტიც არის, ვინ ჩაანაცვლებს ამ პედაგოგებს? ბოლო წლების მანძილზე ძალიან გართულდა პედაგოგის პროფესიაში შემოსვლა. პრაქტიკულად უმაღლეს სასწავლებლებში არ არსებობს პედაგოგიური ფაკულტეტები. ამ შემთხვევაში უფრო დიდი პრობლემა იქნება სწორედ ჩანაცვლება და არა ის, რომ ისინი თავისი სურვილით ან ჩვენი ნებით წავლენ,'' - ამბობს დირექტორის მოადგილე. 

საპენსიო ასაკის მასწავლებლების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ახალი რეფორმა სკოლიდან მათ გასაყვანად შეიმუშავეს, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ ისურვეს. 

ვიდრე სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ, პედაგოგებს კარიერული განვითარების სქემაში დაწინაურებისა და სტატუსის ამაღლების ორი შანსი აქვთ - გამოცდის ჩაბარება ზაფხულსა და შემოდგომაზე.

გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაშიც, როგორც მინისტრი ამბობს ისინი “პრივილეგიით“ მაინც ისარგებლებენ და მიიღებენ ე.წ. ჯილდოს _ სკოლიდან ნებაყოფლობით წასვლის შემთხვევაში ორი წლის ხელფასის ოდენობით. 

განათლების სამინისტროს მონაცემებით, 21 ათასი მასწავლებლიდან, რომლებსაც კომპეტენციის დადასტურების არც ერთი გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, დაახლოებით ნახევარი საპენსიო ასაკისაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში