კანონი არ კრძალავს ამომრჩევლის აღწერას უბნის გარეთ, მაგრამ არ უნდა შეფერხდეს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება - ცესკო

19 მაისი 2019, 13:08 2561 ნახვა

ამომრჩევლთა პირადობის მოწმობების შემოწმებისა და უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით ცესკომ განცხადება გააკეთა.

ანა მიქელაძე აცხადებს, რომ პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წამომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა.

„ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არც ერთ პირს გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელს და რეგისტრატორს აქვს უფლება მოსთხოვონ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა და დაამუშავონ მონაცემები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ შეაფერხონ ამომრჩეველი, ხელი არ შეუშალონ პროცესსა და კომისიის მუშაობას“, -განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოდის ინფორმაცია და კითხვები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

„აღნიშნულ თემაზე გავრცელდა ვიდეოკადრებიც და ინფორმაცია, რომ თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება გამოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე; თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში