"ცესკოს წევრი ფბ-ზე გამოხატავდა აღფრთოვანებას ხულოში არჩევნების შედეგებით, მოკვლევა უნდა დაიწყოს" - საია 

23 მაისი 2019, 10:50 2321 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ბათუმის #79 ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის სტატუსთან დაკავშირებით, ცესკოს მოკვლევის დაწყებას ურჩევს. საქმე, არჩევნების მეორე დღეს, 20 მაისს, ცესკოს წარმომადგენლის მიერ დაწერილ სტატუსს ეხება, რომელიც ფეისბუქის პირადი გვერდიდან მალევე წაიშალა. 

ციალა შავაძე წერდა: „ჩემი ხულოელების დემოკრატიული და ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის „ქართველს“ - ეს სტატუსი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.  

სტატუსის ბოლოს ჰეშთეგით ცესკოს სლოგანიც იყო მითითებული.

ფეისბუქის პოსტი ციალა შავაძემ გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა, თუმცა მისმა პოზიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვები გააჩინა. დაარღვია თუ არა კანონი ცესკოს წარმომადგენელმა ამ სტატუსით? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ზემდგომმა ორგანომ, ანუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აუცილებლად უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, რადგან ის პოლიტიკური მიკერძოების ნიშნებს შეიცავს.

''მიგვაჩნია, რომ ხსენებულ სტატუსთან დაკავშირებით მინიმუმ მოკვლევა უნდა დაიწყოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა დგას მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით მიუკერძოებლობის პრინციპზე. ბუნებრივია, არჩევნებიდან მეორე დღეს, მსგავსი სტატუსი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, მინიმუმ აჩენს კითხვით ნიშნებს. აღნიშნული სტატუსი გამოხატავდა მის აღფრთოვანებას ხულოში დასრულებულ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით,'' -  ამბობს საიას იურისტი მირზა მამულაძე.

გუშინ, 22 მაისს,  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე აცხადებდა, რომ სტატუსი არ იყო პოლიტიკური შინაარსის და ის როგორც მოქალაქემ დაწერა.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში