მუნიციპალური აუზის მშენებლობა მომდევნო წლისთვის გადაიდო - კომპანია კი დაჯარიმდა

12 ივნისი 2019, 14:10 2725 ნახვა

ბათუმში, ახალი ყინულის სახლისა და მუნიციპალური აუზის მშენებლობა მომდევნო წლისთვის გადაიდო.  პროცესი მას შემდეგ შეფერხდა, რაც მშენებარე კომპანიამ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა სამინისტროში ვერ წარადგინა. 

ამ მიზეზით, რამდენიმე დღის წინ, სამინისტრომ ბიუჯეტში კორექტირება შეიტანა და მშენებლობისთვის განკუთვნილი 5 მილიონი ლარი, სხვა ხარჯებში გადაანაწილა. 

ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, უწყებამ კანადური კომპანიას "ვესტ ინკორ ლიმიტედ" 63 968 დოლარის პირგასამტეხლო დააკისრა. 

პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე​ იგივე კომპანიამ უკვე ააშენა ხელბურთის დარბაზი, სადაც გასულ წელს საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართა. შენობის გვერდით, ყინულის მოედნის უკანა ნაწილში,  ნაწილობრივაა დასრულებული 1500 მაყურებელზე გათვლილი ახალი ყინულის არენის მშენებლობა. რაც შეეხება მუნიციპალურ აუზს, რომელიც ცურვისა და წყალბურთის სექციებს გააერთიანებს, მისი მშენებლობა დაწყებული საერთოდ არ არის.

“ველოდებით კონტრაქტორისგან ვალდებულებების შესრულებას. კომპანიას წარმოსადგენი აქვს საბოლოო სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაცია. ამის შემდგომ გამოყოფა  თანხა, რაც სავარაუდოდ მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება" - ამბობს, შპს “სტადიონის” წარმომადგენელი მირზა ბოლქვაძე.

მისივე  ინფორმაციით, კანადური კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში არ იმყოფება.

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, სამინისტროს ტენდერი არ გამოუცხადებია. კონკურსის წესით შეარჩია კომპანია, რომელსაც ხელშეკრულებით 19 მილიონ 900 000 დოლარი მისცა პროექტის განსახორციელებლად. გეგმის თანახმად, კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის 1 აპრილს უნდა დასრულდეს. სამმხრივი ხელშეკრულება კომპანიას, აჭარის ფინანსთა სამინიტროსა და შპს "სტადიონს" შორის არის გაფორმებული. 

ახალი ყინულის არენის აშენებამდე, 700-მდე მოყვარული და პროფესიონალი მოციგურავეები ვარჯიშს ძველ დარბაზში, ყინულის განახლებულ საფარზე აგრძელებენ. სავარაუდოდ, აქვე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი ჰოკეიში, რომელიც აგვისტოშია ჩანიშნული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში