მივლინება და მასპინძლობა - სამ თვეში მერიამ 42 400 ლარი დახარჯა

14 ივნისი 2019, 18:00 2486 ნახვა

ბათუმის მერიის თანამშრომლებმა მივლინებებში 22 200 ლარი დახარჯეს.  აუდიტის სამსახურის გამოთვლით, ეს მხოლოდ სამი თვის მონაცემებია. 

ამავე პერიოდში სტუმრების მიღება-მასპინძლობა, აეროპორტში დახვედრა-გაცილება, პრეზენტაციები, სხვადასხვა კულტურული და  სანახაობითი ღონისძიებები, სასტუმროს მომსახურების ჩათვლით - ანუ ბათუმის  მერიის  წარმომადგენლობითი  ხარჯები -  20 200 ლარია.

რაც შეეხება სახელფასო ფონდს.  პირველ  კვარტალში  მერიამ  165   შტატიანი  თანამშრომლის  შრომის ანაზღაურებაზე 769 100 ლარი დახარჯა, ხოლო  35 შტატგარეშე თანამშრომელს  129 900  ლარი  გადაუხადა.

სამი თვის განმავლობაში, მერიის ბალანსზე არსებული  20  ავტომობილის შენახვა  ქალაქის ბიუჯეტს  6 900 ლარი დაუჯდა. ავტომობილების მოვლა-პატრონობისგან განსხვავებით,  სამმაგი დაიხარჯა  ჩინოვნიკების  გადაადგილებაზე.  საწვავავის შესაძენად  უწყებამ  21 300 ლარი  გადაიხადა.

თვითმმართველი ორგანოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციას , სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. უწყება მონაცემებს ახლა ამუშავებს,  ამიტომ  შეფასებითი ნაწილი,  თუ როგორ დაიხარჯა ბიუჯეტი წინა წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით,  ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში