ლარის გაუფასურება რუსეთიდან ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირდება - ეროვნული ბანკი 

27 ივნისი 2019, 12:37 1903 ნახვა

მესამე დღეა, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში დრამატულად უფასურდება. ეროვნული ბანკში მიიჩნევენ, რომ გაუფასურება იმ მოლოდინებს  უკავშირდება, რაც რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აიკრძალვის შემდეგ გაჩნდა. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ხელოვნური ჩარევა უფრო გააღრმავებს  გარე ფაქტორიდან მიღებულ შოკს. 

"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მთ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზეც ისახება.
 

საგარეო შოკის დროს, გაცვლით კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს. გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკასა და, შედეგად, დასაქმებაზე და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო. ასეთ დროს, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა)" - წერს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში