საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა

02 აგვისტო 2019, 17:21 2779 ნახვა

განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამური ხელფასის გაცემა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. თანხას კი მიიღებენ ის პედაგოგები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს. 

ჯილდოს მისაღებად განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს. პედაგოგებმა სკოლის დირექტორს უნდა მიმართონ.

თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.

2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოთქვა. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები შევიდნენ.

საპენსიო ასაკის პედაგოგებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საქართველოს განათლების მინისტრმა 13 მაისს გაახმოვანა. 

უფრო დეტალურად იხილეთ ლინკზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=9303&lang=geo

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში