ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე დავით ზალკალიანმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს

21 აგვისტო 2019, 15:54 1188 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინს ტელეფონით ესაუბრა. 

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

''საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
 
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
 
საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა'' - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში